logo
ENG



ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

08 ოქტ 201918:26
3 წუთის საკითხავი
 
xbwtjuuufs1r62c.jpg

დღეს, 8 ოქტომბერს, ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. ინფორმაციას „სამეგრელო ნიუსი“ ავრცელებს.

სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციაზე მოსვლის მიზანია სისტემის უსამართლობის გაპროტესტება, რომელიც დაზარალებულს არ აღიქვამს ძალადობის მსხვერპლად. "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" თავმჯდომარემ, ციცინო შენგელიამ კი აღნიშნა, რომ მათი მიზანია, ხმა მიაწვდინონ თამთას და სოლიდარობა გამოუცხადონ. აქციის მონაწილეებს თოდაძის მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ ხელში: "არა ნიშნავს არას!", "ნუ გაჩუმდები!!", "ქალზე ძალადობა დანაშაულია" და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე საკრებულოს წევრს, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიებაა დაწყებული, მაგრამ თოდაძეს ამ დრომდე არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული. 

თავად ჯიშკარიანი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალი" ინფორმაციას არ ავრცელებს. კლინიკაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ პაციენტი ამ დრომდე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც ცნობილია შსს-მ მაჟორიტარი დეპუტატი უკვე გამოკითხა, მაგრამ ბრალი ამ საქმეზე ჯერ არავისთვის წაუყენებიათ.


close დახურვა