logo
ENG



ზუგდიდში ხანძრისას დაღუპულ არასრულწლოვანებზე ზრუნვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

13 აგვ 202417:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/13/2xu0z004hzhnaad.jpg

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.

განცხადების თანახმად, 2023 წლის პირველი აპრილიდან არასრულწლოვანები ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე კი, 2018 წლიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახიდან განცალკევებულები იყვნენ.

უწყების მტკიცებით, სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში. ოჯახი იღებდა სოციალურ შემწობას და რეინტეგრაციის ანაზღაურებას.

"სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, გამოხატავს ღრმა მწუხარებას, ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო. 

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1 აპრილიდან, ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ოჯახს, მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.

ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს, დამატებით, დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი, ყოველთვიურად, შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში", - ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ, 7 აგვისტოს გვიან ღამით ზუგდიდში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარს 2 ბავშვი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა.


close დახურვა