logo
ENG



ზუგდიდში ₾14 მლნ-ად აშენებული სტადიონის რეკონსტრუქციაზე ₾16 მლნ დაიხარჯება

02 ივნ 202412:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/02/qo3a6qlfyvsx7yz.jpg

ზუგდიდის სტადიონის რეაბილიტაციისთვის, რომლის აშენებისთვისაც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, სახელმწიფო კიდევ 16 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს - ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერიდან ირკვევა.

სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა, თუმცა იმის გამო, რომ ის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, ფეხბურთის ფედერაციამ არ ჩაიბარა. ხარვეზებს შორის იყო უსაფრთხოების სისტემების გაუმართაობა, ამასთან, 370 სკამიდან მოედანი სრულყოფილად არ ჩანდა, ხოლო სტადიონის გარშემო იყო ბეტონის კედელი, რომელიც ფეხბურთელებისთვის შეჯახებისას ჯანმრთელობის რისკებს ქმნიდა.

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის მძიმე დასკვნაც.

ახალი ტენდერის ღირებულება 16.3 მილიონი ლარია და მის ფარგლებში სტადიონის რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს. ტენდერში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 21 ივნისის ჩათვლით შეეძლებათ.

ადგილობრივ ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ ზუგდიდს UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ახლა მაინც ექნება. ამასთან, ამბობენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელთან მიმართებაშიც გამოძიება უნდა დაიწყოს.

"ღიმილის, ირონიისა და სირცხვილის მაგალითია ის, რაც ზუგდიდის სტადიონზე ხდება. ფირმას, Maqro Construction-ს, სტადიონი მომავალი წლის აპრილში უნდა ჩაებარებინა, თუმცა ვიგებთ, რომ კიდევ 16 მილიონიანი ტენდერი ცხადდება და არავინ კითხულობს რისთვის. ამ ფულს ვინ მიითვისებს არავინ იცის", - განაცხადა ლელოს წარმომადგენელმა, თენგო ქოჩუამ.

 


close დახურვა