logo
ENG



ზუკა გუმბარიძე: ფორმულას თანამშრომლებზე თავდასხმა უკიდურესი პოლარიზაციის გაგრძელებაა

09 აპრ 202114:04
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის განცხადებით ტელევიზიის თანამშრომლებზე თავდასხმა ქვეყანაში არსებული პოლარიზაციისა და ძალადობრივი ფონის გაგრძელებაა. ამაზე მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

იგი მოუწოდებს ომბუდსმენს, ნინო ლომჯარიასა და დიპლომატიურ კორპუსს, დაინტერესდნენ მედიაზე გახშირებული თავდასხმებით.

"მანქანაზე, რომელზეც არის ფორმულას ლოგოები და ფორმულას მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს.

მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე ფორმულას მძღოლს, რომელიც ნაცემია, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მან ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვა, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელი არ დაგვესახელებინა.

ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესებას. ეს გრძელდება მას შემდეგ რაც ვახო სანაიაზე განხორციელდა კიდევ ერთი თავდასხმა.

ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას მათ დეპუტატებს და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა გამომწვევია ყველა ასეთი ტიპის პრობლემის.

ჩვენ გვსურს ნინო ლომჯარია ასევე დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და მათაც მოახდინონ პროცესებში ჩარევა", - თქვა ზუკა გუმბარიძემ. 

ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც, თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს.  


close დახურვა