7 მარტს მშვიდობიან აქციაზე გირჩი - მეტი თავისუფლების დაკავებული წევრების ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი 5 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.
პროცესი დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ზურა ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნიკა მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისად, ადვოკატმა გადადების შუამდგომლობა დააყენა.
"ზურაბ ჯაფარიძეს კოვიდი დაუდასტურდა, ნიკა მოსიაშვილს კი ტვინის შერყევა აქვს და ჰოსპიტალიზებულია. ადვოკატმა სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რადგან დასწრებას ვერც ერთი მათგანი ახერხებდა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო პროცესი გაიმართება 5 აპრილს 16:00 საათზე"- წერს ზურა ჯაფარიძე Facebook-ზე.
მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს.
ოჯახის წევრების და ადვოკატების ინფორმაციით, ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები აქვს - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.
9 მარტს ნიკა მოსიაშვილს თავის ტვინის შერყევა დაუდგინდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ჯამში, ბოლო ორ დღეში მშვიდობიან აქციაზე 133 ადამიანი დააკავა.