რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გრიგორი კარასინთან გაზაფხულზე დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
"ამ ვითარებაში გადაიდო", - თქვა აბაშიძემ. მანვე აღნიშნა, რომ კარასინთან კომუნიკაცია ბოლოს "ტექნიკურ საკითხზე" ჰქონდა.
"ბოლო შეხვედრა გვქონდა ნოემბერში. კომუნიკაცია მქონდა ერთი, სამი კვირის წინ, ტექნიკური საკითხი იყო, მგონი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ პრობლემა იყო შექმნილი ლარსზე, ერთი თვის წინ იყო ეს. ძალიან დიდი სირთულეები იყო მანქანების გატარებასთან დაკავშირებით იქიდან და აქედან, ტვირთი რაც მიდის ლარსზე, ეს ომამდე იყო. ლარსზე ეს შეფერხება იყო თუ არ ვცდები, თებერვლის პირველ ნახევარში, ხშირად არის ხოლმე დიდი რიგები კლიმატური პირობების გამო", - თქვა აბაშიძემ.
მას, ასევე ჟურნალისტებმა ჰკითხეს გრიგორი კარასინის 24 მარტის განცხადებაზე, რომ "საქართველოს პოზიცია რუსეთში შეუმჩნეველი არ დარჩება". ამაზე აბაშიძემ თქვა: "მოგცემთ კარასინის ტელეფონს და დაურეკეთ ჰკითხეთ, რა ჰქონდა მხედველობაში".