logo
ENG



ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი: რა კითხვები უნდა დაისვას COVID 19-ის აცრის გაკეთებამდე

22 მარ 202109:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/22/g0ul8fgmh6s4i1b.jpg

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე ქართველი ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული საქართველოში ვაქცინაციის პროცესს და ფატალურ შემთხვევას ეხმაურებიან, როცა 27 წლის ექთანი ანაფილაქსიური შოკით დაიღუპა. 

ექიმები საუბრობენ მედიცინის განვითარების ისტორიაში არაერთ ცნობილ ფაქტზე, როცა ტრაგიკულმა შემთხვევითობამ და მისგან გამოტანილმა სწორმა ანალიზმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

"მაგალითად, ასეთი იყო 2001 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო წლინახევრის პატარა, ჯოზი კინგი დაიღუპა. ამ შემთხვევამ არაერთი სპეციალური პროტოკოლისა და გზამკვლევის განვითარებას მისცა დასაბამი, რამაც ამერიკული კლინიკების უსაფრთხოების სისტემა არსებითად შეცვალა. ასე ვითარდება მსოფლიო მედიცინა და ასე მოქმედებენ ცივილიზებული ქვეყნების პროფესიონალები". - წერია გურულის და გეგეჭკორის განცხადებაში. 

მათივე თქმით, საქართველო და ქართული მედიცინა ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას - პანდემიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ იმსხვერპლებს.

"მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსალური შეთანხმებითა და უპირობო კონსენსუსით, ვაქცინაცია არის მიჩნეული პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღსადგენ უმთავრეს იარაღად.

ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს". - წერია ექიმების განცხადებაში. 

ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი აცხადებენ, რომ სანამ ასტრაზენეკას ვაქცინის შესახებ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც ექიმებს შესაძლებლობას მისცემს, წინასწარ გამოყონ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს.

"ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადეკვატურ მართვაში დაგვეხმარება. საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან.

პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება. მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.

მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან:

ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი

• შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია

• „C“ პროტეინის დეფიციტი

• „S“ პროტეინის დეფიციტი

ანტითრომბინის დეფიციტი

• ავთვისებიანი სიმსივნეები

• ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია

• ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები

იმობილიზაცია

ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.

ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:

1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?

2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)

3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ?

4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?

5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს).

6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)

7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, „C“ პროტეინის დეფიციტი, „S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი).

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია". - აცხადებენ ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული. 


close დახურვა