logo
ENG



ზურაბ ჯაფარიძე: ივანიშვილი ძალაუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლის

28 ნოე 201908:41
3 წუთის საკითხავი
 
osvgyy0m7d4eqe7.jpg

პარლამენტის შესასვლელებთან აქციის მონაწილეები და ოპოზიცია იკრიბება. ისინი დეპუტატებს სირცხვილის დერეფანს მოუწყობენ. ადგილზე დილიდან მობილიზებულია პოლიცია. 12:00 საათზე პარლამენტში უნდა მივიდეს ფინანსთა მინისტრი. რკინის კედელია აღმართული ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზეც. 

დღევანდელ აქციას და მოსალოდნელ პიკეტირებას ხელისუფლება საგანგებოდ მომზადებული დახვდა. პარლამენტთან მისასვლელი ერთ-ერთი გზა ჩიტაძის ქუჩიდანაც რკინის ღობეებითაა ჩაკეტილი. პოლიციაა მობილიზებული რუსთაველის გამზირზეც. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უფროდაუფრო იკეტება მცირე წრეში და წყდება რეალობას.

„წრე, რომელიც მას გარს არტყამს, არიან მხოლოდ მონები. მოწყვეტილია სრულიად რეალობას და არის ძალიან საცოდავი, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან საშიში. ძალაუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს ითვლის და ამ ძალაუფლების ხელიდან არგაშვების მიზნით მზად არის წავიდეს ნებისმიერ ტყუილზე. ძალიან ფრთხილად და მშვიდად უნდა ვიყოთ და ასე დავამთავროთ ეს ცირკი, რასაც ახლა აქ ვუყურებთ“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, ისინი არ შეწყვეტენ ბრძოლას, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს პირობას.

„აუცილებლად გავაკეთებთ პიკეტირებას. ასეთი რუსთაველი არ მახსოვს მე, თვითონვე დაილუქეს თავი. მათ არ აქვთ არანაირი მორალური უფლება, რომ მოსახლეობას თვალებში ჩახედონ და მოუწევთ სულ ასე ამოლუქულებს მუშაობის გაგრძელება. ჩვენ ამას გავაკეთებთ მანამ, სანამ არ შეასრულებენ ხალხისთვის მიცემულ პირობას“, - ამბობს „ევროპული საქართველოს წევრი“ გიორგი ღვინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციები ხელისუფლებამ  ძალის გამოყენებით ორჯერ დაშალა.

 


close დახურვა