პარტია გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია არის ერთიანი.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან ვაჭრობა დაიწყოს, ჯაფარიძემ ასე უპასუხა: "ალბათ, არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც დაწყებული ჰქონდეს". თუმცა, ის ფიქრობს, რომ მმართველი გუნდს ეს არ გამოუვა, რადგან პარტიები ერთ პოზიციაზე არიან.
"ჩემი აზრით ვერა, იმიტომ რომ ოპოზიცია არის ერთიანი და ყველას კარგად გვესმის, რომ შედეგები, რაც ცესკომ აჩვენა არის გაყალბებული. შესაბამისად არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ამაში ხელისუფლებაზე დაყოლა ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ყველას აქვს ეს განცდა. თავს 100% ვერაფერზე ვერ დავდებ, მაგრამ ოპოზიციაში ეს განწყობა ცალსახაა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყანა მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევდა. ოპოზიცია ერთხმად ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, არსებული შედეგები არალეგიტიმურია და პარლამენტში არ შევა. მასშტაბურ დარღვევებზე მიუთითებენ დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა დაიწყო და აქციებმა ყოველდღიური სახე მიიღო. პარტიის ლიდერები და მოქალაქეების ნაწილი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. კვირას, რვა მარტს, პარლამენტთან დიდი საპროტესტო აქციაა დაანონსებული.