გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მადლობას უხდის ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელმაც მხარი დაუჭირა მის საერთო კანდიდატად დაყენებას დიდუბის ოლქში. ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში ჯაფარიძემ თქვა, რომ მისი მხარდაჭერა ბევრი პარტიისთვის მარტივი არ იყო და ამას "აფასებს".
"მინდა, გულწრფელად მადლობა ვუთხრა ყველა პარტიას, ვინც იქ იყო და ვინც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი. გირჩის ამომრჩეველს მინდა ესმოდეს, რომ ბევრი პარტიისთვის, ვინც იქ არის წარმოდგენილი, ჩემი, ზურაბ ჯაფარიძის საჯარო მხარდაჭერა არ არის მარტივი, ელეტორალური თვალსაზრისითაც არ არის ეს მათთვის მომგებიანი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ლეიბორისტულ პარტიასა და ევროპულ საქართველოს, რადგან როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი საერთო კანდიდატი, მხარი დამიჭირეს. ნაციონალურ მოძრაობას მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რადგან მე მათი ნაწილი ვიყავი და წყენა ჯერ კიდევ არის რამდენიმე ადამიანში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კრიტიკა არ დამიკლია, როცა რამე არ მომწონს საჯაროდ ვაკრიტიკებ-ხოლმე. მათ იციან რომ მე ასეთი ტიპი ვარ და არ გავჩერდები, მომავალშიც ასეთი ვიქნები. მიუხედავად ამისა, ერთსულოვნად დამიჭირეს მხარი. მინდა ესმოდეთ, რომ ამას ძალიან ვაფასებ", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.