ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და ხვალ, 10 მარტს გაიამრთება. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ჯაფარიძის თქმით, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ცნობით, მოსიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი აცხადებს, რომ მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაადასტურა, რომ მას და მოსიაშვილს სამედიცინო გამოკვლევები სჭირდებათ.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი პოლიციამ გაიტაცა და სცემა, ხოლო დაკავების ოქმი მოგვიანებით გააფორმა.
„ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვისწორეს. ამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით, იმიტომ რომ ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მოვიდნენ ე.წ კრიმპოლის თანამშრომლები... გადაგვიყვანეს ე.წ სამმართველოში“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მათზე სპეცრაზმმა დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, პოლიციის სამმართველოსა და იზოლატორში კი მასზე არ უძალადიათ.
"არანაირი ძალადობა არც სამმართველოში და არც იზოლატორში არ ყოფილა, ძალადობა მოხდა მხოლოდ და მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან. 9 აპრილის ქუჩაზე ჭიშკარი რომაა, საიდანაც გამოდიან ხოლმე რობოკოპები და საიდანაც გამოდის ხოლმე წყლის ჭავლის მანქანა, მაგ ჭიშკრის წინ უბრალოდ ჩაგვავლეს, ძირს გვათრიეს, ცემა-ცემით შეგვათრიეს ჭიშკრის შიგნით, მერე ჭიშკარი დაკეტეს, იქ გვირტყეს და ფეხზე რომ წამოვდექით მერე კიდევ ერთი-ორი დაგვარტყეს" - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მოსიაშვილი და ჯაფარიძე 7 მარტს მშვიდობიან აქციაზე დააკავეს. 8 მარტს ჯაფარიძის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა - მას დაკავების შემდეგაც სცემეს.
აქციაზე დაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველმაც. ლევან იოსელიანის თქმით, დაკავებულებს შორის ყველაზე სერიოზული დაზიანებები ვიზუალურად ჯაფარიძეს აქვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ჯამში, ბოლო ორ დღეში მშვიდობიან აქციაზე 133 ადამიანი დააკავა.