logo
ENG



ზურაბიშვილი: საქართველოში არავინაა ახალი ომის ან მეორე ფრონტის მომხრე

07 აგვ 202219:06
3 წუთის საკითხავი
clock 773

სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზურაბიშვილი ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდსაც დაესწრო, რომელიც ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ აღავლინა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოში არავინაა ახალი ომის ან მეორე ფრონტის მომხრე. 

"მინდა, სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომელიც დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, დღეს ჩვენი დამოკიდებულება, დემოკრატია და გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი. უნდა ვიზრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე, ისინი არ უნდა დავივიწყოთ და შევეგუოთ ამ მდგომარეობას. ამისთვის უნდა დავივიწყოთ, ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ. ამ ქვეყანაში არავინ არ არის ახალი ომის, ან მეორე ფრონტის მომხრე, მე ეს თემები არ მესმის, ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს და იყოს დამოუკიდებელი". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოში ახალ ომსა და მეორე ფრონტზე ქართული ოცნების ლიდერები ლაპარაკობენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი როგორც უკრაინას, ისე დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებენ, რომ მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და "ომში ჩართვა" სურთ. 

ეს აზრი მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილშიც განავრცო. 

*** 

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.


close დახურვა