logo
ENG



ზურაბიშვილი: ყველას მოვუწოდებ თავშეკავებისაკენ, არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას

12 მარ 202121:47
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაწყებული პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია. 

სალომე ზურაბიშვილი ევროპელ დიპლომატს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისა და მედიაციისათვის მადლობას უხდის. 

"დღეს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მიერ პირადი წარმომადგენლის მოვლინება, ანუ ევროკავშირის უშუალო ჩართულობა, ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა სწორედ ამ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამ ვითარებაში, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას, რომ ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული და გამოყენებული.

მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო თავშეკავებისაკენ - არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას, არასაჭირო ქმედებების პროვოცირებას, ან ხელოვნურ აჟიოტაჟს. თავი შეიკავონ ყველაფერ იმისგან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, ან სულაც დააზიანოს მიმდინარე პროცესი. კერძოდ, არსებულ ვითარებაში, აუცილებელია, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები.

ამ თავშეკავებაზეა დამოკიდებული როგორ წარდგება საქართველო (და აქ მინდა გარკვევით ვთქვა, რომ საქართველო) და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა უმნიშვნელოვანეს მომენტში, უმნიშვნელოვანეს ადგილას, ანუ ბრიუსელში, ევროპის წინაშე.

არ დავივიწყოთ, რომ ბრიუსელში არა მხოლოდ "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს" სხდომა იმართება, რომელზეც ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი შემდგომი ნაბიჯებია დამოკიდებული, არამედ მასზეა ასევე დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მხარდაჭერა მთავარ გამოწვევებთან - კოვიდთან თუ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში", - ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა.

მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან. 

მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს. 

დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.


close დახურვა