logo
ENG



ზურაბიშვილი: ჩვენ ყველა ერთად ვგრძნობთ, ვიცით და გვინდა, რომ საქართველო გახდეს EU-ის წევრი

29 ნოე 202319:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/29/zerdf6c3omnwyat.jpg
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ მელაანში ხელმოწერების კამპანიის ჩვენი ხმა ევროპას ფარგლებში არაფორმალური განათლების ცენტრს “მელოს” ესტუმრა და ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ზურაბიშვილმა ევროკავშირის რეკომენდაციებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ წევრობა ქვეყანას კეთილდღეობასა და განვითარებას მოუტანს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ, აქ მელაანში, სადაც ასეთი მხიარული, აქტიური და ცოცხალი ახალგაზრდები არიან. თქვენ ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ ასეთი ახალი სიცოცხლე დაიწყო ამ სოფელში, რომ თქვენ წამოიწყეთ ის, რასაც ეს ბავშვები თავიანთი განახლებული ენერგიით შემდგომაც გააგრძელებენ. მე ვნახე მათი ნახატები და თემატიკაც გასაგებია, ამას არ სჭირდება გრძელი სიტყვები.

ესე იგი, ჩვენ ყველა ერთად ვგრძნობთ, ვიცით და გვინდა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი, რაც ამ ქვეყანას და მის ყველა რეგიონს კეთილდღეობას, განვითარებას და თავისუფლებას მოუტანს და ეს ყველაფერი, ამავდროულად, უნდა მოხდეს თავისუფლად და არა ვინმეს ძალდატანებით; მაგალითად, თქვენი აქ მოსვლა და თქვენი მონაწილეობა ამ წრეში სრულიად ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებაა. სწორედ ასე უნდა იყოს ჩვენი მომავალი ჩვენი გადაწყვეტილი ჩვენი წესებითა და ჩვენი მოთხოვნებით აღჭურვილი", - აღნიშნა მან.

"ჩვენი ხმა ევროპას" - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პეტიცია 8 ნოემბერს დააინიცირა. მანამდე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ სამუშაო დოკუმენტი გაასაჯაროვა, სადაც მიმოხილულია საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოსაზრებაში მითითებულია 9 დათქმა და საუბარია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე - ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესი. ასევე, დაასრულოს და განახორციელოს სრული და ეფექტური სასამართლო რეფორმა, გააუმჯობესოს არსებული სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციაზე, დამატებით მიაქციოს ყურადღება პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხს და სხვა.


close დახურვა