საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
პრეზიდენტის შეფასებით, დღევანდელი შეთანხმების შედეგად, მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველა პირობაა შექმნილი.
„მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება. ამ გონივრული კომპრომისით და ნაბიჯით ყველა პირობა არის შექმნილი მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
თითქმის ოთხთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ორი მემორანდუმი გააფორმეს. ერთი დოკუმენტი საარჩევნო სისტემას, მეორე კი - მართლმსაჯულებას. 2020 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატები 120/30-ზე პროპორციით გადანაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 120 დეპუტატი პარტიული, 30 კი მაჟორიტარული სიით შევა.