საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალების ახალ წესებზე ჩამოყალიბებული ამ დრომდე არ არის. პრეზიდენტი ამბობს, რომ ძველი მოდელი არ მოსწონდა და ამიტომ ვერ შეიწყალებს ვერც დეკანოზ გიორგი მამალაძეს და ვერც სხვა მსჯავრდებულებს ვინც 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულზე ტრადიციულად პრეზიდენტისგან ამ ჰუმანურ აქტს ელოდება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეწყალების წესების ცვლილებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს, მისი პასუხი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე „ქართული ოცნების“ ყველა წევრის იდენტურია, რომ პრეზიდენტი შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.
„ქართული ოცნების“ ოპონენტები დანაშაულზე და მმართველი გუნდის არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ. „ევროპული საქართველო“, რომელმაც მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების შეწყალების საქმის გამოძიებისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს, სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილისთვის კი გაუგებარია რა არ მოეწონა სალომე ზურაბიშვილს წესებში რომელიც 2014 წლის 27 მარტს მისმა წინამორბედმა გამოსცა. დოკუმენტში გაწერილი კრიტერიუმები ალეკო ელისაშვილმა არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეიმუშავა და ვერ ხვდება რატომ აღარ მოსწონს პარლამენტის თავმჯდომარეს მისივე შემუშავებული წესები. ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ გამოუვალ მდგომარეობაშია და დაანონსებულ ცვლილებას მხოლოდ საბაბად იყენებს, რომ 28 აგვისტოს განხორციელებული სკანდალური აქტი გაამართლოს. რა არ მოსწონს „ქართულ ოცნებას“ და პრეზიდენტს ან რის შეცვლას აპირებენ შეწყალების წესებში, არ იციან კონსტიტუციონალისტებმაც. ხელისუფლებას კონსულტაცია არასამთავრობო სექტორთან არ აქვს. იურისტები სალომე ზურაბიშვილის ის ინიციატივაც მიუღებელია, რომ შეწყალების საკითხს იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდეს.
როდის გააცნობს პრეზიდენტი საზოგადოებას შეწყალების ახალ ნორმებს ჯერ უცნობია. ფაქტია მხოლოდ ის რომ ვიდრე პრეზიდენტი და „ქართული ოცნება“ შეჯერდებიან, 23 ნოემბერს პრეზიდენტის გულისხმიერებას ასობით მსჯავრდებული და მათი ოჯახის წევრი ელოდება, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძეც, რომლის ჯანრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა და რომლის შეწყალების თხოვნითაც წმინდა სინოდმა უკვე მიმართა ზურაბიშვილს.