logo
ENG



ზურაბიშვილი ოცნებაზე და დოკუმენტის ანულირებაზე: ადრე ეფიქრათ, რა იყო მისაღები და რა არა

07 აგვ 202123:06
3 წუთის საკითხავი
 
ზურაბიშვილი ოცნებაზე და დოკუმენტის ანულირებაზე: ადრე ეფიქრათ, რა იყო მისაღები და რა არა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველ გუნდს დოკუმენტის ხელმოწერამდე უნდა ეფიქრა, რა იყო მისაღები საზოგადოებისთვის და რა არა.

როგორც ზურაბიშვილმა ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ მოაწერა მმართველმა გუნდმა ხელი შეთანხმებას, რომელშიც 43%-იანი ბარიერი იყო მითითებული, მაშინ როდესაც პირველ დოკუმენტში ასეთი პუნქტი არ არსებობდა. 

"ალბათ, ადრე უნდა ეფიქრათ იმაზე, რა იყო მისაღები და რა არ იყო მისაღები საზოგადოებისთვის. საერთოდ, ერთი პუნქტი არის, რომელიც ჩვენთვის და მე ნათქვამი მქონდა კიდევაც, გაუგებარია, მაგრამ არსებობს დანარჩენი საზოგადოებაც და პარტიებიც, ეს არის 43%-იანი ბარიერი, თუ საკითხი საერთოდ", - თქვა ზურაბიშვილმა. 

28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ანულირებულად გამოაცხადა

"19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის  შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ჩვენ ამომრჩეველი არ გვაპატიებს", - თქვა მაშინ კობახიძემ ბრიფინგზე. 

ამ გადაწყვეტილებით მმართველმა პარტიამ უარი თქვა ვალდებულებაზე, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში ჩაატაროს, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

შეთანხმებიდან გასვლამდე ქართულმა ოცნებამ არ გაითვალისწინა დოკუმენტით აღებული ვალდებულება, პარლამენტს შეეჩერებინა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე და 6 მოსამართლე უვადოდ განაწესა. 

შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს, ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის 6-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა. ენმ-ს, ელენე ხოშტარიას და ევროპულ საქართველოს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 


close დახურვა