საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავრო იმყოფება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა.
"მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები.
დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ალბერ II-თან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - "ვაზის ფესვებთან შეხვედრა" და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის მშვიდობა და სპორტი პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან.