საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის არასახელმწიფოებრივი განცხადების გამო საზოგადოება ბოდიშს ითხოვს; პოლიტიკოსები კი იმპიჩმენტს. მთავარსარდლის გამოსვლაში ოპოზიციამ ისევ რუსული ხელწერა ამოიკითხა, პასუხიმგებლობა კი „ოცნებას" დააკისრა - მართველ გუნდს, რომელმაც კანონიერი თუ უკანონო გზებით ზურაბიშვილი პრეზიდენტად აქცია. მთავარსარდლის სკანდალური განცხადება დღეს ყველამ გააპროტესტა - პოლიტიკოსთა ნაწილმა ათონელზე საპროტესტო აქცია გამართა, ყვავილები მიიტანეს გმირთა მემორიალზეც. პარალელურად კი პოლიტიკურმა პარტიებმა ზურაბიშვილის გადაყენებისთვის კონსულტაციები დაიწყეს.
გუნდი , რომელმაც ზურაბიშვილი პრეზიდენტად აქცია, პასუხისმგებლობას გაურბის. ერთ-ერთი პირველი ვინც მთავარსარდლის განცხადებას კატეგორიულად გამიჯვნა მოუწია - თავდაცვის სამინისტრო იყო. მინისტრი იძულებული გახდა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი - ქართული ჯარი მთავარსარდლისგან დაეცვა. მართველი გუნდის წევრები კი ვარაუდობენ, რომ ზურაბიშვილმა სათქმელი არასწორედ გამოხატა, თუმცა რისი თქმა უნდოდა მთავარსარდალს - კითხვაზე პასუხი მართველ გუნდსაც არ აქვს.
დღეს კი დილიდან ის და მისი ადმინისტრაციაც თავს იმართლებს. განცხადება ჯერ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, შემდეგ თავად ზურაბიშვილმა თავი სოციალურ ქსელში იმართლა. პრეზიდენტი ბოდიშს არ იხდის, მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ბულინგის მსხვერპლია
მთავარსარდალი საკუთარ ჯარს ებრძვის მაშინ როდესაც ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის ღირსებას საერთაშორისო მისიებში იცავენ. ამისთვის შეიარაღებულმა ძალებს მადლობა მსოფლიოს არაერთი ლიდერისგან აქვს მიღებული. ყველა გამოკითხვის მიხედვით ინსტიტუტებს შორის ქართული ჯარი ლიდერია. მათ შორის ედისონ რისერჩის კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოება ყველაზე მეტად ჯარს ,ყველაზე ნაკლებად კი საქართველოს პრეზიდენტს ენდობა.