სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბრის შობის დღესასწაულისთვის მილოცვა Twitter-ზე დააზუსტა. უწინდელი მილოცვისგან განსხვავებით, რომელშიც ზურაბიშვილი ქრისტეშობის დღესასწაულს მხოლოდ "კათოლიკურ სამყაროს" ულოცავდა, ახალ მილოცვაში სალომე ზურაბიშვილმა ყველა იმ ადამიანს უსურვა მშვიდობა, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.
"ვულოცავ ქრისტეს შობას ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულს", - დაწერა პრეზიდენტმა Twitter-ზე და შემდგომ ახალი მილოცვის ტექსტის ქართული თარგმანი ოფიციალურ Facebook-ის გვერდზეც გამოაქვეყნა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, რომელიც შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, კათოლიკე ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესიების უდიდესი უმრავლესობა და პროტესტანტული კონფესიების თითქმის სრული შემადგენლობა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს.