logo
ENG



ზურაბიშვილმა თავისი განცხადებით გავრილოვის და სხვების პოზიციები გააძლიერა - ოპოზიცია

30 იან 202014:09
3 წუთის საკითხავი
clock 391

სერგეი გავრილოვის გზავნილს, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გავრილოვის შექების დამსახურება, უკვე პრობლემაა. მათი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი განცხადებებით, ფაქტობრივად, მტრის მხარე დაიჭირა. 

"ბრჭყალებში კარგი ხუმრობაა რომ ისეთი სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა, გავრილოვმა შექაო. უნდ აგაიცინო. მართლა მოხერხება უნდა ამას და ეს მოახერხა ზურაბიშვილმა",-აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ. 

საკითხს ასევე "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გამოეხმაურნენ. სალომე სამადაშვილის თქმით, ამ განცხადებებით რუსეთის აგრესია და პოზიცია საქართველოს მიმართ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. 

"გავრილოვი კმაყოფილია, რადგან თავად რომ მდგარიყო ევროსაბჭოს ტრიბუნაზე, უკეთესად ალბათ ვერ დაიცავდა რუსეთის ინტერესებს. ზურაბიშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა რუსეთის გზავნილები ჩვენს წინააღმდეგ. შესაბამისად გავრილოვის და სხვების პოზიციები გააძლიერა. შეიძლება ითქვას, რომ მტრის პოზიციები გააძლიერა ზურაბიშვილმა",-აღნიშნა სამადაშვილმა.

ნინო გოგუაძის თქმით კი, საქართველოს პრეზიდენტის ადგილას შეწუხებული იქნებოდა. 

"პრეზიდენტის ადგილას ვიქნებოდი ძალიან შეწუხებული. კმაყოფილია ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა, მით უმეტეს გავრილოვი, რომელის ჩამოსვლასაც საქართველოში ასეთი გამოსვლები მოჰყვა. პრეზიდენტის მოხსენება განკუთვნილი იყო იმისთვის რომ რუსეთს მოსწონებოდა",-ნინო გოგუაძე. 

უმრავლესობაში კი გავრილოვის განცხადებებით არ ინტერესდებიან. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, გავრილოვის განცხადება ქვეყანაში ვითარების დაძაბვას ემსახურება. 

"რუსი პოლიტიკოსის განცხადებების შეფასება მხოლოდ შეიძლება ერთი რაკურსით - დაძაბულობა შემოიტანოს საქართველოში. გავრილოვი ჯობდა იმ სავარძელში არ ჩამჯდარიყო, რასაც არ გამოუწვევია პოლიტიკური გავლენა, მაგრამ განაპირობა გარკვეული დაძაბულობა. ამიტომ მისი შეფასებები უადგილოა და ეხმარება მეტი დაძაბულობის შექმნას",- აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლკსი. 


close დახურვა