logo
ENG



თადუმაძე: არ მგონია, 2%-იანი პოლიტიკოსის სამსჯელო იყოს ჩემი კეთილსინდისიერება

30 მარ 202412:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/30/4dp0zs690zcpmro.jpg

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ "ენის მოჩლექის დრო" არ არის. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა.

"ამიტომ, მე მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენს რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს რომ დაბალი რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს, თითქოს არ ვიცოდეთ, ვის რამდენი რეიტინგი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, არ მგონია, რომ 2-პროცენტიანი და 1-პროცენტიანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ ,ან ევროკავშირი… ევროკავშირი პოლიტიკური ორგანიზაცია როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უზენაესს სასამართლოში მოსამართლეები უნდა შევისწავლო...

ეგ ხომ გამორიცხულია, თუ აქედან არ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომ იქ რაღაც პრობლემებია: კახა წიქარიშვილი და ანა ნაცვლიშვილი ვერ მოხვდნენ უზენაესში მოსამართლეებად ამიტომ… [...] მე მგონი, ენის მოჩლექის დრო არ არის, მე მგონი, არც იმის დროა, იმ საპირწონეზე დავდგეთ, რომ ქართველი ერის საუკუნოვანი სურვილია ევროკავშირში და ცუდი მოსამართლეები კეთილსინდისიერებას არ ამოწმებინებენ ევროპელებს და ამიტომ ევროკავშირში არ გვიღებენ – ამ ნარატივის დროც არ არის", - განაცხადა თადუმაძემ სხდომაზე.

***

11 მარტს უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.

განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.

სასამართლოში ფიქრობენ, რომ ვეტინგის სისტემა "მიზნად ისახავს "კეთილსინდისიერების" შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე".

სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა. აღნიშნულ განცხადებას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური არ დაეთანხმნენ. 


close დახურვა