გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მის დიპლომთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მორიგ განმარტებას აკეთებს. თადუმაძის მტკიცებით, მისი დიპლომი ნამდვილია და ამას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის არქივიდან ამოღებული დოკუმენტაციაც ადასტურებს.
„ჩემმა წარმომადგენელმა სხვებთან ერთად მიმართა განათლების ხარისხის ცენტრს და არქივიდან ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც აფიქსირებს, რომ აღნიშნულ სასწავლებელში ვსწავლობდი, ჩემი დიპლომი არის ნამდვილი და ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს”,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს და დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს, გენერალური პროკურორის თქმით "პოლიტიკურ ბოდვებზე“ დამატებითი კომენტარს აღარ გააკეთებს.
„ოპოზიციას აქვს თავისი დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პოლიტიკურ ბოდვაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.
შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით დეპუტატებს, ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდა და დამატებითი დეტალები დღეს გასაჯაროვდება.
თადუმაძის დიპლომზე ინტერესი საზოგადოებაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, მან 1994 წელს დაარსებული უნივერსიტეტი მან 1993 წელს დაამთავრა. „ფორმულამ" კი ექსკლუზიურად მოიპოვა თადუმაძის კიდევ ერთი დიპლომი, სადაც ნათქვამია, რომ ის 1994-98 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა და ის პროფესიით მარკშეიდერია.