გენერალურ პროკურორს სასულიერო პირის არ სჯერა და გამოძიების დაწყებას არ აპირებს. მეუფე იაკობის უმძიმეს ბრალდებებზე შალვა თადუმაძემ დღეს პირველად ისაუბრა და პრემიერის კაბინეტში პატრიარქის ჩამოშორების სპეცოპერაციას ბოდვა უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური კი, რომელიც დანაშაულებრივი გარიგების მონაწილედ სახელდება, ბოდბის ეპისკოპოსს დღეს გაემიჯნა და მეუფე იაკობთან შეხვედრა უარყო.
მთავარი პროკურორისგან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგან - თითქმის არაფრით განსხვავდება უმრავლესობის დეპუტატების შეფასებები. ისინი ყველა ერთხმად მეუფე იაკობის წინააღმდეგ გამოდიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, „ევროპული საქართველოსა“ და „ენმ-ს“ წევრები, კი იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
მეუფე იაკობი საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულია და აპირებს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლება პატრიარქის მოსაყრდე შიოთი ჩანაცვლების გეგმაზე მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები იგივე წინადადებით შეხვდნენ სხვა მეუფეებსაც. გეგმაზე უარის შემდეგ კი ციანიდის სკანდალურ საქმეზე დეკანოზი მამალაძე დააკავეს, რითიც ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმა სწორედ საპატრიარქოს მიადგა. იაკობის განცხადებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ციანიდის საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა, იურისტები და სამოქალაქო სექტორი ითხოვენ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.
ხელისუფლებისა და ეკლესიის მამხილებელ იაკობს ხვალ, 12:00 საათზე სინოდის სხდომაზე, სასულიერო კანონების მიხედვით მოუსმენენ. სინოდის სხდომას ილია მეორე უხელმძღვანელებს. შეხვედრას 46 ეპისკოპოსი, მათ შორის კათოლიკოს პატრიარქი უნდა დაესწროს. სინოდის სხდომას, რეგიონში დაგეგმილი ღონისძიების მიზეზით, არ დაესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.