logo
ENG



თავდასხმების ფონზე, ისრაელი ლიბანის საზღვართან მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაციას აპირებს

16 ოქტ 202311:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/16/s7qnyzeoxmmtfej.jpg
AMIR COHEN/REUTERS

ისრაელი ლიბანის საზღვართან ახლოს 28 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანენ ადგილობრივებს, რომლებიც საზღვართან 2 კილომეტრში ცხოვრობენ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება.

გასული კვირიდან მოყოლებული, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.

გუშინ ლიბანში, გაეროს მშვიდობისმყოფელებმა განაცხადეს, რომ მათ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაერო ცდილობს იმის გარკვევას ვინ დგას თავდასხმის უკან - ისრაელი თუ ლიბანელი ბოევიკები. მშვიდობისმყოფელებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მათი ძალისხმევისა, სამხედრო ესკალაცია გრძელდება.


close დახურვა