logo
ENG



თავდასხმიდან 6 დღის თავზე გახარია კვლავ მედიას აკრიტიკებს, საზოგადოებას კი აფრთხილებს

27 ოქტ 202018:07
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების კრიტიკა და კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვები პანიკის თესვაა, რომლის შედეგებსაც ქართული საზოგადოება არჩევნებიდან 2-3 დღის შემდეგ იგრძნობს.

ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი მედიას ეუბნება, რომ არჩევნების შემდეგ სწორედ მათ მიერ დისკრედიტირებული პოლიციის უმოქმედობაზე დასვამენ კითხვებს. 

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვთესავთ მოსახლეობაში პანიკას, ხვალ არჩევნები რომ დასრულდება და როდესაც ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს, თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იგივე პოლიციამ უნდა დაიცვას და დარწმუნებული ვარ, როგორც ჯაჭვლიანის შემთხვევაში, თქვენ იქნებით პირველი და თქვენი თანამებრძოლები იქნებიან პირველები, რომლებიც დასვამენ შეკითხვას, დისკრედიტირებული პოლიციის უმომქედობის გამო", - ამბობს გახარია ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმიდან 6 დღის თავზე თავდამსხმელი კვლავ თავისუფალია, პრემიერმინისტრი გახარია აცხადებს, რომ სამძებრო ღონისძიებები წარმატებით დასრულდება. 

გახარიამ სამხედროებს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომლებიც, მისი თქმით, წინასაარჩევნოდ უსამართლო ცილისწამების სამიზნედ იქცნენ. 

"ახლა მე კიდევ ერთხელ გიხსნით, მეორე ეტაპი ამ ღონისძიების გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ დასრულდება წარმატებით. მე მინდა თითოეულ სამხედროს მხარდაჭერა გამოვუცხადო, რომლებიც მხოლოდ იმიტომ, რომ 3 დღეში არჩევნებია, უსამართლო ცილისწამების საგნები გახდნენ და ეს არის ამორალური", - ამბობს გახარია.  

გახარიამ ასევე თქვა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავდასხმისას სისხლისღვრის ხილვა სურდა და სპეცოპერაციის უმსხვერპლოდ დასრულების გამო გულგატეხილია. 

"შეუძლებელია ჯანმრთელ ადამიანს უხაროდეს ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა ზუგდიდში და შეუძლებელია, როდესაც ვხედავთ ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომელიც უკიდურესად გულგატეხილი ჩანს იმის გამო, რომ სისხლი არ დაიღვარა და დღეს დაჟინებით მოითხოვს და ამხელს პოლიციას, რომ ის არის უმოქმედო და უუნარო", - ამბობს გახარია. 

დღეს იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც ჟურნალისტს უთხრა, რომ მას სავარაუდოდ ზუგდიდის ტროტუარებზე კუბოების ხილვა გაუხარდებოდა. 

პრემიერი გახარია კი აცხადებს, რომ "დათესილი პანიკის" შედეგებს საზოგადოება არჩევნებიდან 2-3 დღის შემდეგ "წყნარად, მშვიდად იგრძნობს". 

"ამას ჩვენი საზოგადოება სულ მალე დაინახავს და ყველანი წყნარად, მშვიდად ვიგრძნობთ და მივხვდებით ამ აჟიოტაჟის და პანიკის ფასს, ზუსტად არჩევნებიდან მეორე, მესამე დღეს", - ამბობს პრემიერი. 

ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო ოპტიმიზმის მიუხედავად, თავდამსხმელის საჯაროდ იდენტიფიცირებიდან უკვე მეორე დღეა, რაც ბადრი ესებუა თავისუფალია. ესებუა 21 სექტემბერს თავს დაესხა ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალს, შენობაში მყოფი პირები მძევლებად აიყვანა და სახელმწიფოს გამოსასყიდის სახით 500 000 დოლარი მოსთხოვა. 

სპეცსამსახურების მიერ თანხის მიტანის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად პოლიციის მანქანით გაიქცა, შემდგომ მძევლები გაუშვა და მიიმალა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. 

 

 


close დახურვა