logo
ENG



თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

15 მარ 202413:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/15/krpxklnipjbr88d.jpeg

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს პოზიცია მას 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე ეკავა.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება არ ჰქონია.

"იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

თავდაპირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ხიდაშელი თავდაცვის უწყებაში მრჩევლად მუშაობდა ტელეკომპნია მთავარმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ანაზღაურების სახით ბიზნესმენს თვეში 1000 ლარს უხდიდნენ.

მთავარ არხთან ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძეს თქვა, რომ ისინი გარეჯის თემაზე მუშაობდნენ. 

"ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა ვკითხავდით", - თქვა ბურჭულაძემ. 

დავით ხიდაშელმა მთავარმა არხთან ასევე განაცხადა, რომ ის ხელისუფლებას გარეჯის საკითხზე უწევდა კონსულტაციებს. ამასთან, იგი უარყოფს, რომ ამისთვის ოდესმე ხელფასი აუღია.


close დახურვა