თავდაცვის სამინისტრო ლევან ვასაძის დის კომპანიისაგან 116 ათასი ლარის ღირებულების ჩოხას ყიდულობს. სამინისტრომ „სამოსელ პირველს" 80 ჩოხა შეუკვეთა.
მას შემდეგ, რაც ვასაძის დის კომპანიამ გამოცხადებული ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, ფაქტით არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი" დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ "სამოსელ პირველს" 2012 წლიდან დღემდე მონაწილეობა, 107 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მიღებული.
მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ ფაქტი ხელისუფლებისა და ლევან ვასაძის შორის საეჭვო კონტაქტებს ადასტურებს. შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ „ფლანგვის დეტექტორში“ - როგორც მკვლევარი ანა აბაშიძე განმარტავს, უკონკურენტო ტენდერებში ყოველთვის არის ამის ალბათობა. ხოლო ლევან ვასაძის დის კომპანია ამ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა.
„ცხრა მარტს გამოაცხადა ტენდერი 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შესყიდვაზე - მიიღო მონაწილეობა მხოლოდ ვასაძის დის კომპანიამ, „სამოსელი პირველი“. იყო ერთი კანდიდატი და ამიტომ გაიმარჯვა ამ კომპანიამ, „სამოსელი პირველი“. 80 კომპლექტი ჩოხა-ახალუხის შესყიდვა ხდება 116 ათას ლარად. უკონკურენტო ტენდერის დროს კი კორუფციის შანსი იზრდება. ამ კომპანიის მფლობელი ოჯახი, ლევან ვასაძეს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, გასულ წელიწადს ვერის ბაღში ქმნიდა სახალხო რაზმს და თავის თანამოქალაქეებს ემუქრებოდა იმით, რომ კომბლებით გაუტეხავდა თავებს", - აცხადებს ანა აბაშიძე.