თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრობლემა, რაზეც აუდიტის სამსახური საუბრობს, 2020 წელს აღმოიფხვრა.
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებზე არსებული ნაშთების შესახებ სხვადასხვა მონაცემების უზუსტობამ ჯამურად 697 406 534 ლარი შეადგინა.
თავდაცვის უწყების განცხადებით, 2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი.
სამინისტრო აცხადებს, რომ ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას. გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება.
"რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანებაა,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე. სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმოდგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პრობლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზეც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ". - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.