"ტაბულას" დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილი აზრით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას გააძლიერებს.
როგორც ჩერგოლეიშვილი განმარტავს, მერაბიშვილმა უნდა გაიაზროს შეცდომები და მიხვდეს, რა არის ახლა საზოგადოების დაკვეთა.
„თავისუფალი ვანო მერაბიშვილი, საბოლოო ჯამში, ოპოზიციას გააძლიერებს. აქვს პოტენციალი, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იაზრებს ამ პროცესებს. არ ვართ მომხრე, რომ ვუკიჟინოთ, წადიო. უნდა ხვდებოდეს, რა არის დღეს დაკვეთა. გაიაზროს, როცა ცხრა წელიწადი თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, მას შემდეგ რა ისწავლა საზოგადოებამ და სადამდე განვითარდა. არ ვარ მომხრე, რომ პერსონებს ჩავაცივდეთ. არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს - ამ საქმეში არ არსებობენ მუდმივი მტრები და მეგობრები, არსებობს მიზნები. რაც გაიყო „ნაციონალური მოძრაობა", მას შემდეგ გვესმის, რომ არსებობს განსხვავებები მათ შორის. სწორედ ამიტომ, ჯერ უნდა შეჯერდნენ შეხედულებებზე. პარტიაშიც ასე დაპატიჟებენ მას - უნდა იზიარებდეს შეხედულებებს", - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო 20 თებერვალს დატოვა. მან დააანონსა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება, თუმცა რომელ პარტიასთან ითანამშრომლებს, არ დაუკონკრეტებია.