"თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს", - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისსა და რეგიონებში მედიკოსები თეთრი ხალათების აქციებს მართავენ. აქციები სხვადასხვა კლინიკების მიმდებარე ტერიტორიებზე ეწყობა. მედიკოსები ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებაში დახმარებისათვის საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასაც მიმართავენ. ექიმების ნაწილი დღესვე საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება.
„მრავალ საავადმყოფოსთან იგივე აქცია მიმდინარეობს, ექიმები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ უმკურნალონ პაციენტებს, აქ არანაირი პოლიტიკა არ არის აქ არანაირი მოთხოვნა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ჩვენი მეგობრის, ჩვენი კოლეგის დაბრუნებას“,-განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
აქციაზე იმყოფებოდნენ, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, რომელიც ამავე კლინიკაში მუშაობს და მისი შვილი. მათი თქმით, წითელი ჯვარი, რომელიც ერთადერთია, ვისაც იქ შესვლის უფლება აქვს, ჯერაც არ შესულა გაფრინდაშვილთან. ოჯახის წევრები წითელ ჯვარს მოუწოდებენ დროულად მიაწოდოს მათ ოფიციალური ინფორმაცია.
„წინასწარი დაკავების იზოლაციიდან გადავიდა ციხეში, ახალი ინფორმაცია არ გვაქვს არაფერი და ველოდებით წითელ ჯვარს, რომ შევიდნენ და მოინახულონ იმისთვის, რომ ოფიციალური ინფორმაცია გვქონდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჯანმრთელობაზე ინფორმაცია იმ ადამიანებისგან გვაქვს, ვინც მასთან ერთად იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში“,-განაცხადა თათა გაფრინაშვილმა.