პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო ცვლილებების საკითხის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღესდღეობით არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პიკეტზე არიან ორიენტირებულები.
„არსებობენ შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შედეგის მიღწევა ნორმალური პოლიტიკური გზითაა შესაძლებელი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც უფრო პიკეტოლოგები არიან, ვიდრე პოლიტიკოსები. ამ ადამიანებს ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რომ კანონმდებლობის ფარგლებში გააგრძელონ თავისი პროტესტი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართა. თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საარჩევნო მოდელი იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ან ე.წ. გერმანულ მოდელს.
თავის მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნები 2024 წლამდე არ გაიმართება.