logo
ENG



თალაკვაძე: მრავალმანდატიან მოდელზე ვერ შევთანხმდით და დიალოგს ვაგრძელებთ

15 დეკ 201917:49
3 წუთის საკითხავი
 
tklwoobhoqqtsjt.jpg

ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, მრავალმანდატიანი ოლქები ვერ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიცია-ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. 

"განვიხილეთ მრავალმანდატიანი ოლქების შესახებ არსებული წინადადება, როგორც გითხარით, ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვადგინეთ ამ შემოთავაზებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მრავალმანდატიანი მოდელი არათანაბრად უზრუნველყოფს დიდი და მცირე რაიონების წარმომადგენლობის შანსებს და ინტერესებს, რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი აირჩიონ. მეორე პრობლემა არის ის, რომ მრავალმანდატიანი ოლქების შემთხვევაში, ხდება ოლქების გამსხვილება, ძალიან დიდი ოლქები უნდა იყოს შემოღებული, რაც თავისთავად ართულებს თვითონ მაჟორიტარული ინსტიტუტის დანიშნულებას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე გაერთიანება ახლაც არსებობს და ამან 2016 წლიდან უკვე წარმოშვა პრობლემები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება ეს დამატებით და ბევრად უფრო გაართულებს მაჟორიტარების საქმიანობას და ზოგადად მაჟორიტარული ფუნქციის განხორციელებას. არგუმენტების გათვალისწინებით შეთანხმება ამ მოდელთან დაკავშირებით ვერ მოხდა და დიალოგს ვაგრძელებთ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პერიოდულად იმართება შეხვედრები. შეხვედრები ევროკავშირის ელჩის და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ორგანიზებით ტარდება. მოლაპარაკებების დროს მხარეები საარჩევნო მოდელთან დაკავშირებილ საკითხს განიხილავენ. მანამდე საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. ამ ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა ივნისის აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, რომელსაც მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დასთანხმდა. 

 

 


close დახურვა