logo
ENG



თალაკვაძე: შეთანხმება გულისხმობს იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც დანაშაული ჩაიდინა

15 დეკ 202117:44
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

პარლამენტის ვიცე სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სვამს კითხვას, რას გულისხმობს ოპოზიცია შერიგებაში, თუ არა - პარლამენტში ყოფნას, დებატებში მონაწილეობას და 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადებას. 

"გთხოვთ, თვითონ ოპოზიციას დაუსვათ უფრო მეტი კითხვა, რას გულისხმობს ამ შერიგებაში - ეს არის ჰაერში ნასროლი სიტყვა და ნათქვამი იმისთვის, რომ სააკაშვილი როგორმე დაუძვრეს მართლმსაჯულებას თუ მათ მართლა აინტერესებთ ჩართვა საპარლამენტო და პოლიტიკურ პროცესში. 

როგორც ხედავთ, დარბაზის დიდი ნაწილი ახლაც ცარიელია და ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი არ მონაწილეობს ბიუჯეტის განხილვაში. 

ჰკითხეთ, რას გულისხმობენ შერიგებაში იმაზე მეტს, ვიდრე არის ყოფნა პარლამენტში, მონაწილეობა დებატებში, მედიაში ყოფნა, დაფინანსების მიღება და 2024 წლის არჩევნებისთვის მომზადება". - თქვა თალაკვაძემ. 

მისი განცხადებით, როცა ოპოზიციური პარტიები თანხმობაზე ლაპარაკობენ, იმ მოქალაქეებს ელაპარაკებიან, რომელთა ოჯახის წევრებიც "წინა ხელისუფლების პირობებში მოკლეს ან აწამეს". 

"რამე ტიპის თანამშრომლობა და პოლიტიკური შეთანხმება გულისხმობს იმ ყველაფრის სამართლიანად შეფასებას, რაც მოხდა, იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, ვინც დანაშაული ჩაიდინა. არჩევნების შედეგების პატივისცემას და კონსტიტუციური ფორმატების, მათ შორის, პარლამენტის გამოყენებას. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ოპოზიციის რადიკალური ბანაკი დაარწმუნოს, რომ მათ ბოლოს და ბოლოს, 8 არჩევნებში დამარცხების შემდეგ, შეწყვიტონ დესტრუქციული როლი და შეასრულონ ის მოვალეობა, რაც მოსახლეობამ დააკისრა". - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც. 


close დახურვა