logo
ENG



თალაკვაძე: ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელზეც პოზიციები უნდა დაახლოვდეს

14 მარ 202120:27
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე: ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომელზეც პოზიციები უნდა დაახლოვდეს

პარლამენტის თავმჯდომარე კრისტიან დანიელსონთან და სხვა ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში არსებობს საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება ჯერ კიდევ საჭიროა. 

თალაკვაძის თქმით, მოლაპარაკებები ევროპარლამენტში ასოცირების საბჭოზე ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდგომაც გაგრძელდება, პრემიერმინისტრი ევროპარლამენტარებთან კი სახელისუფლებო გუნდის "გეგმას" ჩაიტანს. 

"კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ შევძლებთ სამართლიანი პირობების გარშემო შეთანხმებას", - ამბობს თალაკვაძე, - "დიალოგი გაგრძელდება, ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რაზეც პოზიციების დაახლოება საჭიროა". 

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელისუფლებო გუნდმა მოლაპარაკებების პროცესში უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, ახლა კი მათ ოპოზიციის საპასუხო გადაწყვეტილებების მოლოდინი აქვთ. 

"მოლაპარაკების თითოეულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას აქვს სამართლიანი არგუმენტები და პოზიციები", - ამბობს თალაკვაძე, - "ახლა საჭიროა ოპოზიციამ გადადგას ნაბიჯები". 

ევროპული საბჭოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ქრისტიან დანიელსონმა უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მხარეები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებში კონკრეტული საკითხების არგასაჯაროებაზე შეთანხმდნენ. 

პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტი კი ევროპარლამენტში 16 მარტს შედგება, საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპელ დეპუტატებს აქვთ მოლოდინი, რომ პრემიერი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესიდან ბრიუსელში კონკრეტულ შედეგებს ჩაიტანს. 

თავად დანიელსონი ქვეყნიდან ხვალ, 15 მარტს გაფრინდება. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტის დასრულების შემდგომაც გაგრძელდება. 


close დახურვა