არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სამთავრობო წარმომადგენლები შეთანხმების ტექსტში 20 ივნისის ღამეს გასამართლებულ პირთა ამნისტირების შესახებ ჩანაწერის დაზუსტებას და ნიკა მელიას ამნისტირებულ პირთა შორის შეყვანას დათანხმდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც მოლაპარაკებებზე ქართულ ოცნებას პარტიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენდა, წარუმატებლად დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მელიას გათავისუფლების პირობად გირაოს დაფარვა მაინც რჩებოდა.
"ჩვენ დავაზუსტეთ, რომ ამნისტია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს ჩადენილ დანაშაულებს ეხებოდა, ასევე შეეხებოდა ნიკანორ მელიას, იმის გათვალისწინებით, რომ გირაო იქნებოდა გადახდილი იმის ნიშნად, რომ მეორე მხარე პატივს სცემს საქართველოში კანონის უზენაესობას, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული და კომპრომისული პოზიცია გვქონდა", - განაცხადა თალაკვაძემ.
ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან დააზუსტა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით მთავრობამ კომპრომისული ნაბიჯი ნამდვილად გადადგა, თუმცა ნიკა რურუას გათავისუფლების შესახებ, რასაც ჯერ კიდევ 2019 წლის 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა, "არ იყო საკმარისად მისაღები გამოსავალი".
დანიელსონის მედიაციის მიუხედავად, მისი მეორე ვიზიტის დასასრულს გამართულ შეხვედრაზე პარტიები კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიტიკური პარტიები და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მხარეებს შორის შეთანხმება იქნებოდა.