პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ პრემიერ გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციას მის მიმართ პოლიტიკური კითხვები აქვს, რომელსაც გახარიას პარლამენტში მისვლისას დაუსვამს.
თალაკვაძემ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რაციონალურად უნდა იქნას მიღებული.
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერის განცხადებას საგანგებო მდგომარეობასა და საპარლამენტო დისკუსიებთან დაკავშირებით. საგანგებო მდგომაროება არის საჭირო იმისთვის, რომ გატარდეს ღონისძებები და შეზღუდვები საკანონმდებლო დონეზე იყოს უზრუნველყოფილი, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ პანდემიის შეკავება მომხდარიყო. როდესაც მისი საჭიროება არ არის, მაშინ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ამოიწუროს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანა დროულად დაბრუნდეს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმში.
აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მოხსნასთან დაკავშირებით რაციონალურად უნდა იყოს მიღებული. საერთაშორისო შეფასებებიც ასეთია, რომ თუ რაციონალურად არ მოხდება შეზღუდვების მოხსნა, ამან შეიძლება მოგვცეს ახალი ეპიდაფეთქებები. რაც შეეხება ანგარიშს, საზოგადოებას აქვს კითხვები, ოპოზიციას აქვს პოლიტიკური კითხვები და მივესალმები თქვენს მზადყოფნას მობრძანდეთ პარლამენტში. თქვენს მიმართ გამოგზავნილია ინტერპელაციის მექანიზმით კითხვები უკვე და ასევე წლიური ანგარიში გაქვთ პარლამენტში წარმოსადგენი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს დასრულდება - განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.