logo
ENG



თალაკვაძე ვაშაძეს: აღმაშენებელი უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენს ინიციატივებზე რომ სცოდნოდა

31 მაი 202116:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/31/3giftxdp2dwuni6.jpg

"თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენს ინიციატივებზე რომ სცოდნოდა". - ასე მიმართა არჩილ თალაკვაძემ გიორგი ვაშაძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. 

ვიცე სპიკერმა სტრატეგია აღმაშენებლის საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, ვაშაძემ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე ცოტა ხნის წინ გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქება და ძველი ნორმების უკან დაბრუნება მოითხოვა.

"მითხარით ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, პოლიციელების ეფექტიანი მუშაობის და პოლიციის საქმიანობის შემასუსტებელ ინიციატივებს აყენებენ. ვერ ნახავთ ასეთ სახელმწიფოს დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში

.ჩემთვის საოცარია, რომ პოლიციის დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია სტრატეგია აღმაშენებელი ასე ულოცავს და ასე შეხვდა პოლიციის დღეს - პირდაპირ ინიციატივა შემოაქვს და დაჩქარებული წესით ითხოვს განხილვას. თურმე, უნდა შევარბილოთ სანქციები იმაზე, რასაც აქ თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები ხან შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, რომ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა ხორციელდებოდა პოლიციელებზე. ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში.

არავითარი სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება არ არის თქვენი ინიციატივა, სამოქალაქო უფლებების მშვიდობიანი პროტესტით იმ ადამიანებს, ვინც კანონის დაცვით მანიფესტაციას ატარებს, არაფერს არ უზღუდავს ეს საკანონმდებლო ნორმები. მინდა გითხრათ, რომ თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, რომ სცოდნოდა თქვენი ინიციატივის შესახებ". - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მესამე მოსმენით 29 აპრილს მიიღო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ სამი მუხლის გამკაცრებას დაუჭირა მხარი, რომლითაც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს აკავებს. 

მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ, მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 


close დახურვა