logo
ENG



თალაკვაძე კარასინზე: ასეთი განცხადებები საქართველოს დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება

25 მარ 202214:34
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე კარასინზე: ასეთი განცხადებები საქართველოს დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ გრიგორი კარასინის განცხადება "საქართველოს ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ  რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე საქართველოს პოზიცია "გაწონასწორებული" იყო. მისივე თქმით, რუსეთში ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ რჩება".

კარასინმა ეს განცხადება რუსეთში გააკეთა, სადაც გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ორგანიზებით მოსკოვში "ექსპერტების დონეზე" შეხვედრა გაიმართა და სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს. სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს სენატორი, გრიგორი კარასინი. შეხვედრაზე იყო დიმიტრი ლორთქიფანიძეც, რომელიც პრიმაკოვის ფონდს საქართველოში წარმოადგენს. 

თალაკვაძემ თქვა, რომ საქართველო მკაფიოდ გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას. 

ამასთან, რუსეთში საქართველოზე გაკეთებული განცხადებები "საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება".

"როცა რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ამას პირველი საქართველოში ყოველთვის ეხმიანება და აიტაცებს ხოლმე ნაციონალური მოძრაობა, რადიკალური ოპოზიციური ბანაკი, შესაბამისად, არსებობს გონივრული ეჭვები, რომ სწორედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სისტემაში დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ხოლმე ასეთი განცხადებები.

მე მოველი, რომ ამ განცხადების შემდეგ უკვე ნაციონალური მოძრაობა და მისი მართული მედია იქნება გატაცებული ამ საკითხით და ძალიან ბევრ განცხადებებს გააკეთებენ, სინამდვილეში არც ერთი ასეთი შექება, არც ერთი ასეთი რევერანსი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავის ტერიტორიების დეოკუპაციას მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით". - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 


close დახურვა