logo
ENG



თალაკვაძე რეზოლუციაზე: სააკაშვილის საკითხის შემოტანამ ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა

18 ოქტ 202214:47
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე რეზოლუციაზე: სააკაშვილის საკითხის შემოტანამ ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, PACE-ს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის საკითხის "ხელოვნურად შეტანამ ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე".

მისი თქმით, რეზოლუციაზე საუბრის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა მოტივი აქვთ. თალაკვაძის მტკიცებით, ნაწილს რუსული შემოსავლების გადაფარვა სურს, ნაწილს საქართველოს საგარეო პოლიტიკური წარმატებებისთვის ჩრდილის მიყენება, ხოლო ნაწილს სააკაშვილის წინაშე თავის მოწონება.

"სინამდვილეში, ის რა კომენტარებსაც ვისმენთ, არის სიცრუე და სამწუხაროა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ გადაწყვეტილებაზე, როგორიც არის უკრაინა, უკრაინის მხარდაჭერა, სადაც ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ვიყავით ერთ მუშტად შეკრული და აპოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სრული მხარდაჭერა ჰქონდა ამ რეზოლუციას, სამწუხაროა, რომ სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანის შემდეგ, ამან ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე", - თქვა მან.

მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას მხარი დაუჭირა, ამიტომ რა განცხადებებიც კეთდება, "არასწორია". თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერის შესახებ კითხვის ნიშნები არ დგას, რადგან "უფრო წონიანი" რეზოლუციებისთვისაც დაუჭერიათ მხარი.

"სინამდვილეში ძალიან ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არა პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე, არამედ მისი მთავარი მოკავშირე გახლდათ საქართველოში წლების განმავლობაში. იმიტომ, რომ საქმეები და დარღვევები, რაც მან ჩაიდინა და მისმა გუნდმა ჩაიდინა, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის ინტერესებში შედიოდა. შესაბამისად, რა განცხადებებიც კეთდება არასწორია", - განაცხადა თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 13 ოქტომბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის არსებული რეჟიმის ტერორისტად გამოცხადებას და უკრაინის იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას სახელით "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მორიგი ესკალაცია", 99-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ასამბლეამ ასევე მხარი დაუჭირა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მომდევნო აგრესიის" შესახებ რეზოლუციის მე-7 პუნქტში ცვლილებების შეტანას, რითაც რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ კარამურზას საქმეებს და გაათავისუფლონ ისინი.

ამ პუნქტში საუბარია რუსეთის ფედერაციაში მზარდ რეპრესიებზე, რის ფარგლებშიც რუსეთის ხელისუფლება ებრძვის ოპოზიციას, მედიას და სამოქალაქო ორგანიზაციებს და რისი მიზანიც საზოგადოებაში შიშის დათესვაა.

მე-4 შესწორების მიხედვით კი ამ პუნქტს დაემატა წინადადება:

„ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვლადიმერ კარამურზა. ასამბლეა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს სხვა პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისა და მათი გათავისუფლებისკენ (მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის“).

საბოლოოდ კენჭისყრით 56 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე რეზოლუციაში შესაბამისი შესწორება შევიდა.


close დახურვა