logo
ENG



თალაკვაძე სუს-ის დოკუმენტებზე: ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერს

02 აგვ 202112:33
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს, რომელიც სუს-ის ანგარიშებს ასახავს, ფეიკ ნიუსებს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი "ამ ყველაფერს მშვიდად ხვდება". 

"ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკ ნიუსი და განსაკუთრებით, გავრცელებული იმ არხისგან, იმ ე.წ მედიამენეჯერისგან, რომელიც სინამდვილეში გახლავთ პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პარტიის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ გახსოვთ - ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-სა და ჟურნალისტებს იყენებდა პოლიტიკური მიზნებისთვის. დღესაც გასაკვირი არ არის, რომ ზუსტად საარჩევნო პერიოდში და ზუსტად პოლიტიკური მიზნებით, ის ავრცელებს დეზინფორმაციას, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვხედავთ". - თქვა თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, ის, რაც ნიკა გვარამიამ წაიკითხა, არ არის სუს-ის ჩანაწერები, ის მხოლოდ ტექსტებია, რომლის დაწერაც ნებისმიერს შეუძლია. 

"რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი ფეიკ ნიუსი, განსაკუთრებით ნიკა გვარამიასგან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. [...] სინამდვილეში ეს ჩანაწერები არ არის, ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს, ნ.ჯ-მ რა უთხრა ნ.კ-ს და გ.ნ-მ რა უთხრა ბ.ნ-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე". 

***

1-ლ აგვისტოს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების მიყურადების გზით მათზე ანგარიშებს ამზადებდა.

ძირითადად საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.

მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ერთ-ერთი საუბარი დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ. გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურო იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

გარდა ამისა, TI-ს დირექტორმა ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაპოსტა, რომ ჩანაწერებში NGO-ების წარმომადგენლები თამთა მიქელაძის სუს-ში დაბარების საკითხზე საერთო განცხადების გავრცელებაზე საუბრობდნენ.

გვარამია კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა