პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძეს ჟურნალისტებთან საუბრისას ქუთისში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.
თალაკვაძის თქმით, აგრესია, პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიების ნაწილის სახელით მოქმედი ჯგუფების მხრიდან იყო, რასაც გაბრაზებული ადამიანების ხმამაღალი ტონი მოყვა.
„რაც შეეხება ქუთაისში მომხდარს, ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, თავისი სახელით დაერქვას იმას, რასაც აკეთებდნენ ადამიანები ოპოზიციის ნაწილის სახელით, ის მნიშვნელოვნად სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს. აგრესია კი, პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიების ნაწილის საახელით მოქმედი ჯგუფების მხრიდან იყო. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აგრესიას გასაქანი არ მიეცეს. ვინც პიკეტები და ბლოკირებები დაიწყო, ამაზე კითხვა არ გაქვთ და თვლით, რომ ეს არის ნორმალური და მეორე მხრიდან, გაბრაზებულმა ადამიანებმა უპასუხეს ხმამაღალი ტონით ამ ხალხს და ამაზე მეკითხებით, არის თუ არა აგრესია? ყველას მინდა ვთხოვო, მიუხედავად ვისი მხარდამჭერები არიან, კანონმდებლობის ფარგლებში გამოხატონ უკმაყოფილება. ვინც დაარღვევს კანონს, რეაგირება იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
"ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ საღამოს გამოჩნდნენ. მათ ოპოზიციის ოფისს წარმომადგენლებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. ვითარება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები მივიდნენ. აქცია თითქმის ხუთი საათის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა და რამდენჯერმე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.
"ოცნების" აქტივისტების აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გუშინ ოპოზიციის წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისს ბოქლომი დაადეს.