ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ სხდომამდე და, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ. ამის შესახებ მან პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა. წამყვანმა მას ჰკითხა, არის თუ არა შანსი, რომ საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება არ გაიზიარონ?
"სხდომამდე საათებით ადრე ან წინა დღით შევიკრიბებით უმრავლესობის ფორმატში და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, ამიტომ წინასწარ რომ აანონსებენ ჩვენს გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ მიგვიღია, ესეც მანიპულაციაა და სასაცილოდ გამოიყურება. ჩვენ ყველა არგუმენტის გამოყენებით ვიმსჯელებთ და მივიღებთ სამართლიან გადაწყვეტილებას", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
7 თებერვალს ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისთვის პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც 76 დეპუტატის ხმა იქნება საკმარისი, რათა ბადრი ჯაფარიძეს მანდატი შეუწყდეს.
მანდატის შეწყვეტის საფუძვნლად საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს. მათი თქმით, დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი.
3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.
ამასთან, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს გაუუქმდათ შეფარდებული გირაო, ქონებაზე დადებული ყადაღა და საზღვრის კვეთის აკრძალვა.
ბრალდებულები მოსამართლე გიორგი არევაძემ დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით სცნო.
პროკურატურა ამბობს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.