logo
ENG



თალაკვაძემ სამადაშვილს საპატიმროში რურუას მონახულების მოთხოვნა დაუკმაყოფილა

03 ნოე 202013:31
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძემ სამადაშვილს საპატიმროში რურუას მონახულების მოთხოვნა დაუკმაყოფილა

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განცხადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს, რომ მას საპატიმროში მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა მოენახულებინა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნა პარლამენტის თავმჯდომარემ დააკმაყოფილა. სამადაშვილს კოვიდ19-ზე PCR ტესტის გაკეთების შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით, შეუძლია გიორგი რურუას მონახულება.

თავის მხრივ, სამადაშვილი აცხადებს, რომ რურუას მონახულების მოთხოვნა მას შემდეგ დაუკმაყოფილეს, რაც შეხვედრის მოთხოვნაზე უარი გაასაჯაროვა.

გუშინ, 2 ნოემბერს რურუას პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები თავს დაესხნენ. რურუაზე თავდასხმას ხელისუფლების დაგეგმილს უწოდებს მთავარი არხის მეწილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და ამ ყველაფერს არჩევნებს უკავშირებს.

რურუაზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მომხდარზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში, და დაიწყო გამოძიება. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე 30 ივლისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდაგიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია, თუმცა მმართველი გუნდი ამ პირობას დღემდე არ ასრულებს.

 


close დახურვა