არჩილ თალაკვაძე რუსთავი 2-ის ეთერში აცხადებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ კითხვების არსებობა ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის ნაწილია და რომ პოლიტიკური ვითარება, რომელშიც არჩევნების გაყალბების შესახებ კითხვები არ ჩნდება, "მეორე უკიდურესობაა".
რუსთავი 2-ის ჟურნალისტებთან არჩევნების საკითხზე დისკუსია, ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარშემო წამოიწყო. თალაკვაძე დაინტერესდა, სურდათ თუ არა გადაცემის წამყვანებს ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელშიც ოპოზიცია ყოველ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თალაკვაძის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ისეთ სახელმწიფოში სურდა ცხოვრება, რომელშიც არჩევნების ლეგიტიმურობისა და გაყალბების შესახებ 30 წლის განმავლობაში მუდამ კითხვები არ ჩნდება.
"ეგ მეორე უკიდურესობაა, სადაც კითხვები არ არის, იქ დემოკრატიაც არ არის", - განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტის საპასუხოდ.
ღრმა დემოკრატიული ტრადიციის მქონე ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ კითხვები არა მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ავტორიტეტულ არასამთავრობო და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებს და არჩვენებში მონაწილე თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას გაუჩნდა.
არჩევნების მიმართ სახალხო ნდობისა და 30 წლის განმავლობაში არსებული მძიმე საარჩევნო დარღვევების შესახებ კრიტიკას ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციის სპეციალურ განცხადებაშიც.
გარდა ამისა, დემოკრატიული ტრადიციისთვის უჩვეულოდ, საარჩევნო დარღვევებისა და ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიმართ უნდობლობის საფუძველზე, ყველა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, შეკრების დღიდან ერთპარტიულ რეჟიმში ფუნქციონირებს, რასაც პარტნიორი ქვეყნების ელჩებისა და პოლიტიკური ოპონენტების გარდა, თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც არასახარბიელოდ მიიჩნევენ.
ხელისუფლების ოპონენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს მაჟორიტარულ ოლქებში დანიშნულ მეორე ტურებსაც, რომლებშიც ქართული ოცნების კანდიდატებმა უკონკურენტო პირობებში გამარჯვება 21 ნოემბერს აღნიშნეს.
სწორედ არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის საფუძველზე დაწყებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელსაც ფასილიტაციას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები უწევენ.
ოპოზიციური პარტიები კი, თავის მხრივ, მოლაპარაკებების პროცესში მთავარ მოთხოვნად ხელახალი არჩევნების ახალი ადმინისტრაციის პირობებში დანიშვნას იმიტომ მოითხოვენ, რომ, მათი შეფასებით, 2020 წლის არჩევნების გაყალბებასთან შეგუება საქართველოში დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობას და მისი განვითარების პერსპექტივებს შეუქმნის საფრთხეს.
მძიმე პოლიტიკური შედეგების მიუხედავად, თალაკვაძე 2020 წლის ქართულ არჩევნებს, სხვა ქვეყნებში არჩევნების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ადარებს.
"თქვენ ნახეთ სადმე არჩევნები, სადაც საკამათო არაფერი არ ყოფილა", - იკითხა თალაკვაძემ, - "რა თქმა უნდა, საკამათო იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახალი არჩევნები რომელიმე ოპოზიციური პარტიის მოთხოვნით დაინიშნოს, თუ იქ რეალური საფუძველი არ იქნება დადგენილი".