ქართული ოცნების დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 19 აპრილის დოკუმენტზე ხელმომწერმა პარტიებმა უნდა გადაწყვიტონ, მიეცემათ თუ არა საპარლამენტო თანამდებობები მათ, ვინც მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
მისივე თქმით, უსამართლო იქნება, დოკუმენტზე ხელისმომწერი და ხელის არმომწერი პარტიები თანაბარ პირობებში იყვნენ.
"მიშელის შეთანხმების განხორციელებას სჭირდება მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა. ჯერჯერობით როდესაც ოპოზიციის დიდ ნაწილს და ერთ-ერთ დიდ პოლიტიკურ პარტიას ხელი არ აქვს მოწერილი მიშელის შეთანხმებაზე, გვაინტერესებს, რა ვნახოთ საბოლოო პოზიცია.
ჩვენ ვთვლით, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი მიშელის შეთანხმებას, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ჩართულობით სრულფასოვანი კონსულტაციები დაიწყოს ამ თემაზე.
თუ რომელიმე პარტია არ მოაწერს ხელს შეთანხემებას, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხელმომწერი პარტიების პოზიცია, მათი დამოკიდებულება შემდგომ კონსულტაციებზე.
უსამართლობა იქნება, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და ის პარტია, რომელიც შეიძლება გაემიჯნოს შეთანხმებას, ჩავაყენოთ ერთნაირ პირობებში. თუმცა ამაზე ოპოზიციის დამოკიდებულება იქნება საინტერესო", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მათ ბლოკში შემავალი დეპუტატები პარლამენტში 8 ივნისს მივიდნენ. ენმ-ს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ისინი უარს აცხადებენ, ხელი მოაწერონ 19 ივნისის შეთანხმებას. ამის მიზეზი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, რომელიც 20-21 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.
ენმ-ის ფრაქციაში 32 დეპუტატია. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა, რომელიც აერთიანებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.