საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პარლამენტში რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესება განხილული არ ყოფილა.
ამით ის გამოეხმაურა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას იმაზე, რომ არაა გამორიცხული, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს.
თალაკვაძის თქმითვე, კონსტიტუციით, პრეზიდენტის ინსტიტუტი დამოუკიდებელია და ზურაბიშვილის განცხადებები მთავრობასთან ან პარლამენტთან შეთანხმებული არ არის.
"საქართველოს ხელისუფლება და ჩვენი სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს, ვინც შემოდის ქვეყანაში, განიხილავს კანონმდებლობის საფუძველზე და ასევე, იმ საერთაშორისო კონვენციების და წესების საფუძველზე, რომლის ხელისმომწერი და ვალდებულიც გახლავთ საქართველო. რაიმე ახალი გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში განხილული არ ყოფილა. საქართველოს პრეზიდენტი გახლავთ კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებელი ინსტიტუტი და სულისკვეთება, რომ მისი განცხადებები მაინც და მაინც შეთანხმებული უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან, არ არის საფუძვლიანი"- ამბობს თალაკვაძე.
დღეს, 17 ოქტომბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ ყველა კონტროლის მექანიზმია გამოყენებული, რათა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა არ იქცეს საფრთხედ.