ავღანური ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანი მხარეებს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოუწოდებს. განცხადება ე.წ ავღანეთის ისლამური საამიროს საგარეო სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა.
„ავღანეთის ისლამური საამირო ახლოდან აკვირდება უკრაინაში არსებულ სიტუაციას და გამოხატავს შეშფოთებას მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის რეალური შესაძლებლობის გამო.
ისლამური საამირო ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ყველა მხარემ უნდა შეწყვიტოს იმ ქმედებების განხორციელება, რამაც შესაძლოა გაამწვავოს ძალადობა.
ავღანეთის ისლამური საამირო, საერთაშორისო პოლიტიკაში მისი ნეიტრალიტეტის შესაბამისად, კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდებს, კრიზისი დიალოგითა და მშვიდობიანი გზებით გადაჭრან.
ისლამური საამირო ასევე მოუწოდებს მხარეებს რომ მიაქციონ ყურადღება იმ ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების დაცვას ვინც უკრაინაში იმყოფება“ - წერია ტერორისტული ორგანიზაციის თვითაღიარებული ხელისუფლების განცხადებაში.
Statement concerning crisis in #Ukraine pic.twitter.com/Ck17sMrAWy
შეგახსენებთ, რომ ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა მოძრაობა თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი საბოლოოდ 15 აგვისტოს, ქაბულის დაკავების შემდეგ დაამყარა. პრეზიდენტის სასახლის დაკავების შემდეგ ავღანეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ თალიბანს ძალაუფლება გადააბარა.