logo
ENG



თალიბანის დელეგაცია ოსლოში დასავლელ ლიდერებთან 3-დღიანი შეხვედრებისთვის ჩავიდა

23 იან 202213:20
3 წუთის საკითხავი
clock 999
2022/01/23/tuap4d9lxbbpy8v.jpg
Terje Bendiksby / AP Photo

თალიბანის დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქში დასავლეთის ოფიციალურ პირებთან 3-დღიანი შეხვედრებისთვის გუშინ ღამით ჩავიდა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

15 კაცისგან შემდგარი დელეგაცია ნორვეგიის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ფრენით ჩავიდა ოსლოში. აღსანიშნავია, რომ ეს გასული წლის აგვისტოში ავღანეთზე კონტროლის მოპოვების შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა თალიბანი დასავლელ დიპლომატებთან ევროპაში გამართავს შეხვედრას. შეხვედრები დღეს დაიწყება და სამშაბათამდე გაგრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მათ შორის: ბრიტანელ, ფრანგ, გერმანელ, იტალიელ და ამერიკელ დიპლომატებთან. ძირითადი თემები ადამიანის უფლებების დაცვასა და ავღანელებისთვის ჰუმანიტარული დახმარებებს შეეხება.

ასევე დაგეგმილია შეხვედრები ავღანელ მოქალაქეებთან, მათ შორის ქალ ლიდერებთან და ჟურნალისტებთან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუბრები შეეხება ავღანეთში წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ფორმირებას, არსებულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს, უსაფრთხოებასა და ტერორიზმს და ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი გოგონებისა და ქალების განათლების საკითხს.

თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა კი მედიასთან განაცხადა, რომ თალიბანს ევროპის ქვეყნებთან დიპლომატიური გზებით დაახლოება სურს.

„თალიბანმა დასავლური სამყაროს მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯები გადადგა და იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიის გავლით გამყარდება ავღანეთის ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით კი დასავლეთთან. მათ სურთ ომის ატმოსფერო მშვიდობიან მდგომარეობად გარდაქმნან“ - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

მეორე მხრივ ავღანეთის ოპოზიციური ჯგუფის ლიდერმა ალი მაისამ ნაზარმა გააკრიტიკა ნორვეგია ამ შეხვედრების ორგანიზების გამო.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ჰუიტფელდტი კი აცხადებს, რომ ეს შეხვედრები არ გულისხმობს თალიბანის ლეგიტიმურად აღიარებას.

„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ დე ფაქტო ხელისუფლებასთან. პოლიტიკურ სიტუაციის გამო უარეს ჰუმანიტარულ კატასტროფას ვერ დავუშვებთ“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო მინისტრმა.

ავღანეთის მოქალაქეებისთვის, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ, საერთაშორისო დახმარება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

პარასკევს ევროკავშირმა განაახლა ავღანეთში „მინიმალური წარმომადგენლობა“, რომლის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული დახმარებაა. თუმცა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ეს ოპერაცია არანაირად არ გულისხმობს თალიბანის რაიმე ფორმით აღიარებას. 

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ უღიარებია თალიბანი.

***

შეგახსენებთ, რომ თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი საბოლოოდ 15 აგვისტოს, ქაბულის დაკავების შემდეგ დაამყარა. პრეზიდენტის სასახლის დაკავების შემდეგ ავღანეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ თალიბანს ძალაუფლება გადააბარა. პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ კი ქვეყანა დატოვა

31 აგვისტოს ამერიკამ საკუთარ ჯარებთან ერთად ავღანელების ევაკუაციაც დაასრულა. ამერიკამ და NATO-ს ქვეყნებმა ავღანეთიდან 123 000-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს, თუმცა უცნობია მათ შორის რამდენი ავღანელი იყო. 

ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა 7 სექტემბერს მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ლიდერი მოლა მუჰამედ ჰასან ახუნდი გახდა. ის გაეროს შავ სიაშია. 

NATO-მ და აშშ-მ აგვისტოს შემდეგ ავღანეთს ეკონომიკური დახმარება შეუწყვიტა. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი დაამყარა და ქვეყანას საერთაშორისო ფინანსური დახმარება შეუწყდა. 

თალიბანის მიერ ქვეყნის დაკავების შემდეგ მილიონობით ავღანელი სამსახურის გარეშე დარჩა. გაეროს ინფორმაციით, ამ დროისთვის შიმშილის ზღვარზე 23 მილიონი ავღანელია, რაც სრული მოსახლეობის 55%-ს შეადგენს.


close დახურვა