logo
ENG



თალიბანის ცნობით, ავღანეთში მიწისძვრამ მინიმუმ 920 ადამიანი იმსხვერპლა

22 ივნ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/22/je5hx97zkkyjr78.png

თალიბანის ინფორმაციით, ავღანეთში ძლიერმა მიწისძვრამ მინიმუმ 920 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

თალიბანის ე.წ ლიდერმა ჰიბატულა ახუნძადამ განაცხადა, რომ ასობით სახლი განადგურდა და მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

კატასტროფების მენეჯმენტის მინისტრის ე.წ მოადგილე შარაფუდინ მუსლიმი კი აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 920 ადამიანი დაიღუპა, დამატებით 600 კი დაშავდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ ხოსტიდან 44 კმ-ის მოშორებით იყო. მიწისძვრა ადგილობრივი დროით ღამის 01:30 საათზე დაფიქსირდა, მაშინ როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში იყო და ეძინა.

რყევები იგრძნობოდა 500 კმ რადიუსზე, ავღანეთში, პაკისტანსა და ინდოეთში. მოწმეების თქმით, მიწისძვრა იგრძნობოდა როგორც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ისევე პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში.

ავღანეთი ტექტონიკურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს და მიწისძვრების სიმრავლით გამოირჩევა. სეისმოლოგების ცნობით, გუშინ დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე 6.1 ბალი იყო.

ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებში ჩანს მიწის მასები და დაზიანებული სახლები აღმოსავლეთში, პაკტიკას პროვინციაში.

მიუდგომელ ადგილებში ვერტმფრენები ადამიანების გამოყვანას და საავადმყოფოებში გადაყვანას ცდილობენ.

გაეროს ინფორმაციით, ავღანეთში გასულ 10 წელში მიწისძვრებს 7 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რაც საშუალოდ წელში 560 დაღუპულს უდრის.


close დახურვა